2024 წლის ბიუჯეტზე კოალიციის ახალი შეთანხმებით, ბუნდესვერს უკრაინის მხარდასაჭერად, არმიის განვითარების სპეციალური ფონდის გამოყენება მოუწევს და არა ცალკე ფონდის, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Spiegel-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადასცემს, ბუნდესვერის საკუთარი მარაგებიდან მოდის, თუმცა, „ბიუჯეტის კომპრომისულ“ ვარიანტში ნათქვამია, რომ მომავალში ეს დაფინანსება უნდა მოხდეს ბუნდესვერის სპეციალური ფონდიდან, რომელიც 2022 წელს ჯარის გასაძლიერებლად შეიქმნა. სავარაუდოდ, შეიცვლება ხარჯების დაგეგმარებაც. თავდაპირველად, ბუნდესვერის 100 მილიარდიანი სპეციალური ფონდი მიმართული უნდა ყოფილიყო არმიის მოდერნიზაციის ძირითადი პროექტების განსახორციელებლად, თანხები გათვლილი იყო 2027 წლის ბოლომდე პერიოდისთვის. თუ უკრაინაში გადაცემული იარაღის კომპენსაცია მისგან დაფინანსდება, თანხები უფრო სწრაფად ამოიწურება.
ოპოზიციური CDU-ს ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე გამოვიდა კრიტიკით. აცხადებენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთავრობის პრიორიტეტი ბუნდესვერის განვითარებისთვის და რომ სამხედროების ფინანსური საჭიროებები შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახლო მანძილზე რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დაცვის ახალი სისტემის შექმნის პროექტი შესაძლოა, დაგეგმილზე ხუთჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, გერმანიამ მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების შეუცვლელობაში დაარწმუნა.