ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე მისულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი მოლაპარაკება გაიმართა და უნგრეთის პოზიცია ნათელია: როდესაც საქმე ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება, უკრაინის წინაპირობები შესრულებული არ არის - უნგრეთი არ დანებდება.
„გაფართოება არ არის თეორიული საკითხი. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლებრივად დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები... ახლა არ არსებობს მიზეზი უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებისთვის. 7 წინაპირობიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს,“ - აღნიშნა ორბანმა, როდესაც ჰკითხეს ევროკომისიის მიერ 10 მილიონის განბლოკვაზე. ის ამტკიცებს, რომ უნგრეთი საკუთარ საკითხს არ უკავშირებს უკრაინის პოლიტიკას.
კითხვას - „პოლიტიკური დიახ“ არის თუ არა დღეს მოსალოდნელი, მან არ უპასუხა.
ბრიუსელში ისტორიული სამიტი იწყება. მანამდე, უნგრეთს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია, ევროკომისიამ 10 მილიარდი ევრო განუბლოკა, თუმცა ვიქტორ ორბანი მაინც აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის უსაფრთხოებას დაანგრევს. ევროპელი ლიდერები უნგრეთის პრემიერთან შეხვედრას და მოლაპარაკებას განაგრძობენ. სამიტის მიმდინარეობისას გაირკვევა, საბოლოოდ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი კონენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.