უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 დეკემბერს ბრიუსელში მიმდინარე სამიტის მიმდინარეობისას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას კიევთან. ზელენსკიმ მათ განუცხადა, რომ კენჭისყრის უარყოფითი შედეგი უღალატებს უკრაინელთა ევროპულ მისწრაფებებს და გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
„დღეს ერთ რამეს გთხოვთ - არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ," - მიმართა ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოჩართვის საშუალებით და აღნიშნა, რომ თუ ბლოკი გადაწყვეტს, არ დაიწყოს კიევთან მოლაპარაკება, ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მისცემს ხელს.
შეგახსენებთ, უნგრეთი ეწინააღმდეგება, როგორც უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას, ისე კიევისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტის წინ ბრიუსელში მედიას განუცხადა, რომ მხარს არ უჭერს კიევთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
„ჩვენ (ევროკავშირმა) შვიდი პირობა დავაწესეთ და ევროპული კომისიის შეფასებითაც კი სამი მათგანი არ არის შესრულებული, ამიტომ, არავითარი საფუძველი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად არ არის,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები 14-15 დეკემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განიხილავენ.
სამიტზე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებზეც იმსჯელებენ. გაფართოების პაკეტი შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან კი, გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.