ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„ჩვენ, ევროპელები, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაერთვება,“ - განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა უკრაინაში საბრძოლო ძალისხმევა შეინარჩუნოს, ასევე, ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას.
„ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი პოზიციების დაკავება გვსურს აღმოსავლეთ ფლანგზე, NATO-ს თავდაცვითი გეგმების შესაბამისად,“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.