ფინეთის პრემიერი: საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება, ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ფინეთთან საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება, ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს.

ორპომ ტერმინი „ჰიბრიდული თავდასხმა“ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების აღსაწერად პირველად გამოიყენა.

„ვფიქრობ, ეს სწორი ტერმინია. რა თქმა უნდა, ეს ფინეთისა და ევროკავშირის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. სამწუხაროდ, საზღვრები უნდა დაიკეტოს, რადგან რუსეთმა მისი ქცევა არ შეცვალა“, - განაცხადა პეტერი ორპომ.


ფინეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ამას სიტუაცია მოითხოვს, ის რუსეთთან საზღვრის შესახებ სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მზად არის.

„სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით მუდმივი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ,“ - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.