რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, „ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს.“
„უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, - აღნიშნა პუტინმა .
მისი მტკიცებით, რუსეთი თავად განსაზღვრავს და შექმნის საკუთარ მომავალს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ მოწიფულობა და სტაბილურობა გამოავლინა.
„ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ გამოავლინა სიმწიფე, ძალა და სტაბილურობა. ჩვენ ვუპასუხეთ გამოწვევებს, რადგან თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად მივყვებით სუვერენიტეტის განმტკიცების გზას," - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ოთხჯერ - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში - აირჩიეს. ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ მან უფლება მოიპოვა, კენჭი 2024 წლის არჩევნებშიც იყაროს.