უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო 17 დეკემბერს წერს, რომ რუსეთის სოფელ ტერებრენოსთან, უკრაინის საზღვართან სამხედრო შეტაკებები დაფიქსირდა. ”კრემლის რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიერ ბელგოროდის რეგიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად განადგურდა რუსული ჯარების ოცეულის დასაყრდენი,” - წერს სამხედრო დაზვერვა (HUR), რომელიც დეტალებს არ აკონკრეტებს.
ტერებრენო ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით, 2 კილომეტრში მდებარეობს, სადაც დაახლოებით, 600 ადამიანი ცხოვრობს.
მანამდე რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა. მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო.
„წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს," - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო და ოპერატიული სამსახურები შედეგების აღმოფხვრას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიწყებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ხშირია ცნობები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ.