აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ აშშ-ს ხელმძღვანელობით ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება.

„ვაცხადებ ოპერაცია Prosperity Guardian-ის დაარსების შესახებ - ეს არის მნიშვნელოვანი ახალი მრავალეროვნული უსაფრთხოების ინიციატივა გაერთიანებული საზღვაო ძალების ქოლგის ქვეშ და მისი 153 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს წითელ ზღვაში უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელსაც ქმნის არასახელმწიფო აქტორი საერთაშორისო წყლებში კანონიერად მცურავი სავაჭრო გემების მიმართულებით რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებით.


იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, შედის : გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი.

„იემენიდან მომდინარე ჰუსიტების უგუნური თავდასხმების გამო შექმნილი ესკალაცია საფრთხეს უქმნის ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს, საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონს. წითელი ზღვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც არსებითია ნაოსნობის თავისუფლებისთვის და მთავარი კომერციული დერეფანი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას,“ - განაცხადა ოსტინმა.

წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილის და ადენის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ოპერაციაში ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდი, ნორვეგია, ესპანეთი და სეიშელის კუნძულები.


ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს, წითელი ზღვის სამხრეთში ჰუთები თავს დაესხნენ ორ სატვირთო გემს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.