კოლომინა კანდიდატის სტატუსზე: გზას უხსნის მომენტუმს, რომლის გამოყენებაც 2024 წელს გვჭირდება

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ისტორიულ მომენტს უწოდებს. კოლომინა აქვე აღნიშნავს, რომ ეს კარგი ამბავია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ეს გზას უხსნის იმ იმპულსს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, გამოვიყენოთ 2024 წელს.


კოლომინას შეფასებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური პროცესის წინ წაწევას.

„2024 წელი ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს 9 ნაბიჯს და იმ რეფორმებს, რომლებიც მოთხოვნილია ამ 9 ნაბიჯში. ევროკომისიის გადაწყვეტილება დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს,“ - აღნიშნა კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ეს არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოსა და NATO-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მიმართულებით უნდა აისახოს ეს ყველაფერი, რადგან სულ რაღაც რამდენიმა დღე, რაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კოლომინამ აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალისხმევას განაგრძობს.


„საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც უდა გატარდეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე NATO-საც აქვს.

უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე,” - განაცხადა კოლომინამ.