რას პასუხობს ფაშინიანი პუტინის განცხადებას, რომ სომხეთმა თავად თქვა უარი ყარაბაღზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთმა მთიან ყარაბაღზე თავად თქვა უარი, მისი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებით.

„ამ თემას დიდი განხილვა მოჰყვა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია. ეს საჯარო განცხადებები, თუ არ ვცდები, სოციალურ ქსელებში არსებობს. რუსეთი რომ მსგავსი განცხადებისთვის ემზადებოდა, პრესიდან გავიგე,“ - განუცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მისი სიტყვებით, ეს განცხადება ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ შეთანხმებას, 2021 წელს კი აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.


„ამ საკითხზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) და რუსეთს მივმართეთ, რომელთანაც ჩვენ ცალკე შეთანხმებული სამართლებრივი ბაზა გვაქვს. ნული რეაქცია. მაშინ მე გადადგომის შესახებ განვაცხადე და ეროვნული კრება დავითხოვე, 20 ივნისს დაინიშნა არჩევნები. იმ დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. იყო მაღალი ალბათობა, რომ თუ სომხეთის მთავრობა სხვაგვარად მოიქცეოდა, არჩევნები ვერ ჩატარებულიყო, სომხეთის რესპუბლიკა დაშლილიყო,“ - განაცხადა ფაშინიანმა.


ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზეც. მან ჩამოთვალა ერევნის მოქმედებები, „რომელთა გამოც, სრულყოფილად ვერ მოხერხდა სამმხრივი შეთანხმების მიღწევა.“

„ვურჩევდი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, წაიკითხოს 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმება მე-8 პუნქტის ჩათვლით. წაიკითხონ და ნახონ, ვინ რომელი ვალდებულება არ შეასრულა. 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაშია ნათქვამი, რომ აზერბაიჯანი უნდა დაესხას თავს მთიან ყარაბაღს და ამ დროს რუსი მშვიდობისმყოფელები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ?" - იკითხა ფაშინიანმა.


მისივე თქმით, რუსული სამშვიდობო კონტინგენტი მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერალური კრების გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფებოდა.

„ფედერალური კრების ამ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამშვიდობო კონტინგენტი იქ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავადაა. სად არის ახლა მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობა?" - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სომხეთში წასულიყო. ერევნის თანახმად, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა.

2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და საკუთარი სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა.