ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსეთის ჯარების მსხვილი გარღვევა არ არის მოსალოდნელი

უკრაინამ მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება მოახდინა საველე ფორტიფიკაციების გასამაგრებლად, ვინაიდან მისი ჯარები თავდაცვით ტაქტიკაზე გადადის ფრონტის უდიდეს ნაწილზე, წერია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

კერძოდ, გავრცელებული შეფასების თანახმად, რუსეთის მსხვილი გარღვევა ნაკლებად არის მოსალოდნელი და მთლიანობაში ფრონტზე სტაგნაციის პერიოდი შეინიშნება, მიაჩნიათ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტებს.

„დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინა ბელორუსის საზღვრის გასწვრივ, „დრაკონის კბილებით“, მავთულხლართებითა და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებით, თავდაცვით ზღუდეს აძლიერებდა.

რუსეთის არმია ლოკალური ხასიათის იერიშების მცდელობებს რამდენიმე სექტორში განაგრძობს, მაგრამ ცალკეული შეტევები ოცეულზე უფრო დიდი რაოდენობის შენაერთებით, იშვიათად ტარდება,“ აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის განახლებულ ცნობებში.