გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 720 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების რუსული სახსრების კონფისკაციაზე სარჩელი შეიტანა. მას საფუძვლად დაედო საგარეო ვაჭრობისა და გადახდების აქტის სავარაუდო დარღვევა.
პროკურატურის განცხადებით, შუამდგომლობა ფრანკფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს სახელმწიფო უსაფრთხოების პალატაში შევიდა.
გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ფედერალურ პროკურატურას სურს, რომ გაყინული თანხები სახელმწიფო ხაზინაში გადავიდეს.
საუბარია მოსკოვის ბირჟის ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის ფულზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაიყინა. Spiegel-ის ცნობით, როგორც კი დადასტურდა ამ აქტივების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა, JP Morgan-მა მიიღო მოთხოვნა მოსკოვის ბირჟის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, National Clearing Corporation-ის Commerzbank-ის ანგარიშზე 720 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხვის შესახებ. სანქციების გამო ბანკებმა ოპერაციის განხორციელებაზე უარი განაცხადეს.
გამოცემა წერს, რომ ვინაიდან დამრღვევთა დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შანსები თითქმის ნულის ტოლია, მთავრობამ შესაძლოა, თანხების კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით სცადოს.