NATO-ში აშშ-ის ელჩი: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა

კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხნის წინ რუსეთს მიაწოდა დამატებითი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა," - აღნიშნა ჯულიან სმიტმა.


სმიტის თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში კონტეინერების სატვირთო გემებით მოძრაობა თანამგზავრების მიერ დაფიქსირდა.

„მტკიცედ ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსებისთვის ისეთი იარაღის გადაცემისთვის, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელ ხალხზე, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის,“ - აღნიშნა NATO-ში აშშ-ის ელჩმა.

ელჩის განმარტებით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან, სანაცვლოდ, სხვა სამხედრო ტექნოლოგიების მიღება სურს და შესაძლოა, ფხენიანმა მოსკოვს გამანადგურებელი თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ასევე, ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოსთხოვოს.