ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ევროკავშირის პროექტი მნიშვნელოვნად დაზიანდება. ბორელის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ კიევს, არამედ, ევროპულ დემოკრატიას.
„თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს მომავალში და არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, ჩვენს პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის ფრონტის ხაზზე დამარცხება, არამედ ის, თუ რას აკეთებს ევროპა იმისთვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს.