პოლონეთის მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლა

პოლონეთის სახელმწიფო მედიის - საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძღვანელობა დაითხოვეს.

PolsatNews-ი იტყობინება, მთავრობის განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ საათზე უფრო ნაკლებ დროში, მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეარხებმა TVP Info-მ და TVP3-მ. TVPinfo-ს ვებგვერდი არ მუშაობს.

  • ახალ მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მედია პროპაგანდის საშუალებად იქცა ხელისუფლებაში პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ყოფნის რვა წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციამ პირობა დადო, შექმნას ახალი მასმედია, რომელსაც უფრო გაწონასწორებული მიდგომა ექნება.

20 დეკემბერს პოლონეთის სეიმმა მიიღო დადგენილება „სახელმწიფო მედიისა და პოლონეთის პრესის სააგენტოს სამართლებრივი წესრიგის, მიუკერძოებლობისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ“. დადგენილებას მხარი დაუჭირა 244-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 84, 16-მა თავი შეიკავა.


დოკუმენტში სეიმმა ყველა სახელმწიფო ორგანოს მოუწოდა, მიიღოს საიმისო ზომები, რომ აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი მოქალაქეთა მხრიდან სწორ ინფორმაციაზე წვდომისა და სახელმწიფო მედიის ფუნქციონირების კუთხით.

„სამართალი და სამართლიანობის“ პოლიტიკოსებმა მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას. ბევრი მათგანი, მათ შორის, პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი, ტელეარხ TVP-ის შენობასთან,  „დემოკრატიის დასაცავად“ გაემართა.