აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა

წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას, რომელსაც აშშ ხელმღვანელობს, საბერძნეთიც შეუერთდება. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ მათი ფრეგატი სავაჭრო გემების, მეზღვაურების სიცოცხლის და გლობალური ეკონომიკის დასაცავად, მრავალეროვნულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს.

ბერძნული ფლოტის ფრეგატი წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ბრძანებით შეუერთდება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან.