„მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები პუტინს“ - ენტონი ბლინკენის შემაჯამებელი პრესკონფერენცია

აშშ მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. ეს და სხვა მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს 20 დეკემბერს, მედიასთან შეხვედრაზე, რითაც 2023 წელი შეაჯამა. მან ამერიკის ლიდერობის პირობა მომავალი წლისთვისაც დადო. რაზე დებს პუტინი ფსონს, შეძლებს თუ არა უკრაინა ფეხზე დადგომას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და რა გეგმა აქვს შტატებს. ამ შეკითხვებს უპასუხა ამერიკელმა დიპლომატმა.


„პრეზიდენტი პუტინი ბოლო კვირებში ტრაბახობდა, რომ "უკრაინას მომავალი არ აქვს." ის ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია, შეგვაფერხოს, ხოლო ახალგაზრდა რუსების ტალღა ხორცსაკეპ მანქანაში გაგზავნოს, გაამართლებს. მხოლოდ ერთ საკითხში ვეთანხმები პუტინს: ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა, რუსეთის ომი დარჩეს სტრატეგიულ მარცხად და დავეხმაროთ უკრაინას, მყარად დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. პუტინი ფსონს დებს ჩვენს დაყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, ჩვენ მას უკვე ვაჩვენეთ, რომ ცდება და ამას მომავალშიც დავუმტკიცებთ,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.


  • მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენ ხანს შეიძლება, გაძლოს უკრაინამ დასავლეთის დამატებითი მხარდაჭერის გარეშე?

„ჩვენ განვახორციელეთ რეალური ინვესტიცია უკრაინის მომავალში, მის თავისუფლებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორც ვთქვი, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა შეძლებს საკუთარ ფეხზე დადგეს - სამხედრო, ეკონომიკურად, დემოკრატიულად - ისე, რომ ამ დონის მხარდაჭერა და დახმარება აღარ იქნება საჭირო. მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გადალახოს შემდეგი პერიოდი, გადალახოს ეს ზამთარი, გადალახოს გაზაფხული და ზაფხული,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.


ბლინკენმა ამავე პრესკონფერენციის დროს ხაზი გაუსვა, რომ პუტინმა უკვე ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს უკრაინაში: მის რუკიდან წაშლასა და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას.

„უკრაინელი ხალხი წინ აღუდგა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიას და შეერთებული შტატები გააგრძელებს მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას, რათა დაეხმაროს უკრაინას ამ ბრძოლაში, მის მომავალ აღდგენაში. ეს იყო მძიმე წელი ბრძოლის ველზე. მაგრამ კიდევ ერთხელ, უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო," - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე გაიხსენა იაპონიის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნების წვლილი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დიდ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარდაჭერას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღდგენაში.


„მათაც იციან, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ყველგან ვაჩვენოთ შესაძლო აგრესორებს, რომ ჩვენ წინ აღვუდგებით მათ, ვინც ძალის გამოყენებით ცდილობს საზღვრების შეცვლას,” - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწფიო მდივნის შეფასებით, რუსეთი დღეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო სუსტია, NATO კი, ბოლო 75 წლის განმავლობაში უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი. ბლინკენმა პირობდა დადო, რომ შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელსაც გააგრძელებს თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს გაძლიერების ძალისხმევას.

„2024 წელს, ჩვენ ისევ ერთად დავდგებით მათთან, ვინც იზიარებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს ხედვას. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს, რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს,“ აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.