სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას იმედოვნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თანხმლები საპარლამენტო დელეგაცია არაოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა და ალენ სიმონიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ კონკრეტულ ინიციატივების განხორციელებაზე.

საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები.


თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდება.

მან ეკონომიკურ სფეროში ეფექტურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა და ეკონომიკური კავშირები კვლავ იზრდება.

ამ კონტექსტში ის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსთან“ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული პრობლემებს შეეხო და კმაყოფილება გამოთქვა ტრანზიტის გამარტივების მიმართულებით საქართველოს ძალისხმევაზე.


თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში „საკმაოდ პოზიტიური პროცესები“ განხორციელდა.

ალენ სიმონიანი რეგიონულ უსაფრთხოებასა და გამოწვევებს შეეხო და დაადასტურა სომხეთის ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების დღის წესრიგის მიმართ. ალენ სიმონიამა საქართველოს წარმომადგენელი მიიწვია სომხეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში, „მსოფლიოს გზაჯვარედინზე“, მონაწილეობისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც შესაძლოა, გახდეს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების გარანტი.

შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე.