რუსეთის სამხედროების დანაკარგი უკრაინაში 2023 წელს ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია.
BBC-სა და "მედიაზონის" ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, თვალს ადევნებენ რეგიონული ადმინისტრაციების, ნათესავებისა და მეგობრების ცნობებს, ასევე, საჯარო რეესტრების ინფორმაციას სამხედროების დაღუპვის შესახებ. არხის შეფასებით, დაღუპულთა რეალური რიცხვი შეიძლება, სულ მცირე, ორჯერ მეტი იყოს.
იმის გათვალისწინებით, რომ სეპარატისტთა სამხედრო ნაწილები არ შედის ამ მონაცემებში, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, 100 ათასს აჭარბებდეს, აღნიშნავს არხი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტამდე დანაკარგების ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს, წერს BBC. შეიცვალა დანაკარგების დემოგრაფიული შემადგენლობაც.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს, ფრონტზე დაღუპული რუსეთის ტიპური მოქალაქე 21 წლისა ხელშეკრულებით საფუძველზე მებრძოლი სამხედრო იყო. წელს, უკრაინაში დაღუპული რუსეთის ტიპური მოქალაქე არის 34 წლის მსჯავრდადებული, რომელიც ფრონტზე პირდაპირ კოლონიიდან წავიდა.
დანაკარგების დიდი წილი მოდის უპირატესად ღატაკ რეგიონებზე, რომლებიც ბუნებრივი რესურსების უკმარისობას განიცდიან. მოსკოვი და კიევი არ ამხელენ თავიანთ დანაკარგებს ომში, ისინი მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. BBC-სა და "მედიაზონის" კვლევები დაღუპულთა რიცხვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი შეფასებაა.
დასავლური დაზვერვის ერთ-ერთი უახლესი შეფასება დაღუპულთა შესახებ The New York Times-მა აგვისტოში გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, ომში 120 ათასამდე რუსი და 70 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.