აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა მომავალ წელსაც გააგრძელებს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. აშშ-ის სახელმწფიო მდივნის შეფასებით, რუსეთი დღეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით უფრო სუსტია, NATO კი, ბოლო 75 წლის განმავლობაში უფრო დიდი, ძლიერი და ერთიანი. ბლინკენმა პირობდა დადო, რომ შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, მომავალ წელსაც გააგრძელებს თავისუფალი და უსაფრთხო სამყაროს გაძლიერების ძალისხმევას.
„2024 წელს, ჩვენ ისევ ერთად დავდგებით მათთან, ვინც იზიარებს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს ხედვას. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს, რუსეთის აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს.
„პრეზიდენტი პუტინი ბოლო კვირებში ტრაბახობდა, რომ "უკრაინას მომავალი არ აქვს." ის ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია, შეგვაფერხოს, ხოლო ახალგაზრდა რუსების ტალღა ხორცსაკეპ მანქანაში გაგზავნოს, გაამართლებს. მხოლოდ ერთ საკითხში ვეთანხმები პუტინს: ამერიკის მხარდაჭერა გადამწყვეტია იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა განაგრძონ ბრძოლა, რუსეთის ომი დარჩეს სტრატეგიულ მარცხად და დავეხმაროთ უკრაინას, მყარად დადგეს სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. პუტინი ფსონს დებს ჩვენს დაყოფაზე უკრაინის მხარდაჭერის გზაზე, ჩვენ მას უკვე ვაჩვენეთ, რომ ცდება და ამას მომავალშიც დავუმტკიცებთ,“ - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.