ბორელი: დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, საჭიროა მთლიანი შესაძლებლობების მობილიზება, კურსის სწრაფად შეცვლა

„რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „არ დაკმაყოფილდება შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით“ და მას ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე სურს,“ განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა Guardian-თან ინტერვიუში.


ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს.

„მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბორელმა.


ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“

„ის კვლავ მზადაა, იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო, ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის,“ - აღნიშნა ბორელმა.


მანვე აღნიშნა, რომ პუტინი შეცდა თავისი არმიის შესაძლებლობების შეფასებაში, შეცდა უკრაინის წინააღმდეგობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ნებასთან დაკავშირებით, ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერესთან დაკავშირებით. მაგრამ ის ისევ ისე ფიქრობს.


  • ის მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ივნისში დაგეგმილი არჩევნები შეიძლება, ისეთივე საბედისწერო იყოს, როგორც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები.

ბორელის თქმით, რაღაც უცნობის მიმართ ამომრჩევლის შიშმა, შესაძლოა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიმართ მათი მხარდაჭერა განაპირობოს.

„მეშინია შიშის, მეშინია, რომ ევროპელები ხმას აძლევენ, რადგან ეშინიათ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შიში უცნობისა და გაურკვევლობის მიმართ წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც უსაფრთხოების რეაგირებას ითხოვს. ეს ფაქტია,“ - განუცხადა მან Guardian-ს.


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ არსებობს შეშფოთების რეალური და აღქმული მიზეზები, მაგრამ მოუწოდებს ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ, წარმოადგინონ სიტუაციის ნათელი ანალიზი.

  • „თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ვფიქრობ, ევროპული არჩევნები ისეთივე საშიში იქნება, როგორც აშშ-ის არჩევნები,“ - აღნიშნავს ბორელი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის არსებობა საფრთხეშია.

„შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ საფრთხეს, რომელიც მოდის დიდი ძალისგან, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება არამხოლოდ უკრაინას, არამედ, თავად ევროპას და ჩვენ თუ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას, რომელიც ხდება ღაზაში, ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან დაზიანდება,“ - აღნიშნა ბორელმა.