ზელენსკი: ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენი ლოცვა უფრო ძლიერი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს უკრაინელები ამ დღესასწაულს ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავენ ევროპასა და მსოფლიოსთან ერთად.

„დღეს ყველა უკრაინელი ერთად ვართ. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ შობას. ერთ დღეს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთიანი ქვეყანა. დღეს ჩვენი საერთო ლოცვა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე. ხალხის ლოცვა - დღეს ის გააერთიანებს მილიონობით ხმას ისე, როგორც არასდროს,“ აღნიშნა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზედიზედ მეორე წელია, უკრაინელებმა ისწავლეს ამ დღესასწაულის კიდევ ერთი განზომილება - შობა სრულმასშტაბიანი ომის დროს.

„შობა განსხვავებული განწყობით, კონტექსტით და გემოთი. ოჯახური ვახშამი სახლში არ არის ისეთივე, როგორც ყოველთვის. რადგან ყველა ჩვენგანი არ არის სახლში. ყველას არ აქვს სახლი. და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა არა ის, თუ რა კერძებია მაგიდაზე, არამედ, ვინ იკრიბება ამ მაგიდასთან და რა ძვირფასია მათ გვერდით ყოფნა,“ - ზელენსკიმ ეს მიმართვა ჩაწერა კიევ-პეჩერის ლავრაში, რომელსაც უკრაინის ისტორიის, კულტურის, რელიგიის, მართლმადიდებლობისა და მთელი აღმოსავლური ქრისტიანობის ათასწლეულის სიმბოლო უწოდა.


„ბოროტება დამარცხდება. დღეს ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, ჩვენი საერთო ოცნება და ეს არის ჩვენი საერთო ლოცვა დღეს. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი გამარჯვებისთვის,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდეტმა.