Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ფრთოსანი რაკეტები მიიღო, რომლის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ია და ასევე სადაზვერვო ვერტმფრენები.
ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ფრთოსანი რაკეტები, სადაზვერვო ვერტმფრენები და დრონები რეგიონში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო. შეერთებულმა შტატებმა, რამდენიმე დღის წინ ირანი ინდოეთის ოკეანეში ქიმიურ ტანკერზე დრონით თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანმა ბრალდება უარყო.
„Talaeiyeh-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ზე მეტია. ის არის ჭკვიანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს სამიზნე მისიის შუალედში,“ - განაცხადა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა შაჰრამ ირანმა.
მისივე თქმით, სადაზვერვო ვერტმფრენები, დრონები და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები იყო ახალ იარაღს შორის, რომელიც საზღვაო ფლოტის არსენალს დაემატა და რომ მთელი ეს აღჭურვილობა შექმნილია და წარმოებულია ირანის სამხედრო ინდუსტრიის მიერ.