G7-ის ქვეყნებმა უკრაინას ვალი გადაუვადეს

უკრაინის ოფიციალური კრედიტორების ჯგუფი G7-დან და პარიზის კლუბიდან შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მიერ ოფიციალური ვალის გადახდა 2027 წლამდე გადაიდო. იუწყება უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.


უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს ურთიერთგაგების მემორანდუმში ოფიციალური ვალის გადახდების შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც, გაგრძელდება 2022 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც სახელმწიფო და საჯარო გარანტირებული ვალების გადახდების შეჩერებას ითვალისწინებს.

ეს დებულებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე გაფართოებული ფონდის პროგრამის (EFF) დასრულებას შეესაბამება. შეთანხმებას შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

„დღევანდელი შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ტვირთი ბიუჯეტზე სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულებამდე და დავზოგოთ უცხოური ვალუტის ლიკვიდობა სოციალური ხარჯების უზრუნველსაყოფად. ვალის გადახდის ეს ნებაყოფლობითი შეჩერება არის 122 მილიარდი აშშ დოლარის საერთაშორისო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია უკრაინის პარტნიორების მიერ,“ - აღნიშნა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ.


უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გევინ გრეიმ აღნიშნა, რომ მორატორიუმი უკრაინის საგარეო ვალის დაფარვაზე, 2027 წლამდე გაგრძელდება და რომ რესტრუქტურიზაცია 2024 წლის შუა რიცხვებამდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლს შემდეგ, უკრაინა რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ებრძვის.