ზელენსკი: ჩვენმა მეომრებმა ერთ კვირაში ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ, ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ერთ კვირაში ხუთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ზელენსკის თქმით, თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო პირადი არჩევანი იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ამ ომში.

„გუშინ, მხოლოდ ერთ საღამოს, ჩვენმა მეომრებმა ჩამოაგდეს თითქმის 30 „შაჰიდი“ თვითმფრინავი, რამდენიმე რაკეტა და ორი სამხედრო თვითმფრინავი. კვირაში ხუთი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთი ძლიერი შედეგი უზრუნველყო.


თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა უნდა გააკეთოს მკაფიო პირადი არჩევანი იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა მონაწილეობა ამ ომში. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინასწარ შეთანხმებულ დამატებით სისტემებს, ისევე როგორც F-16 თვითმფრინავებს," - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინელები 22 დეკემბერს იუწყებოდნენ, რომ თავდაცვის ძალებმა სამი რუსული SU-34 გაანადგურეს.

25 დეკემბერს კი, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის ქვეყნის საჰაერო ძალებმა რუსული SU-34 და SU-30 ჩამოაგდეს.