უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.
„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი "ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - წერს ოლეშჩუკი.
ის მადლობას უხდის საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ხომალდის განადგურებაში იყო ჩართული და საოკუპაციო ძალებს ყირიმის დატოვებისკენ მოუწოდებს.
"ჩაიცვი შარვალი და შინისაკენ ჩვენი ყირიმიდან, სანამ ძალიან გვიან არ არის!" - წერს ოლეშჩუკი.
საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.
მანამდე, ოკუპირებული ფეოდოსიას მცხოვრებლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. სოციალურ ქსელში ძლიერი ხანძრის ამსახველი ფოტოები და ვიდეო კადრები გავრცელდა.