ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების სამ წინაპირობას ასახელებს. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასის“ შესაძლებლობები უნდა განადგურდეს და ღაზის სექტორში მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს. ის მიიჩნევს, რომ „როგორც კი „ჰამასი“ განადგურდება, ღაზას დემილიტარიზაცია მოხდება და პალესტინის საზოგადოება დაიწყებს დერადიკალიზაციის პროცესს, ღაზა შეიძლება, აღდგეს და ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მშვიდობის პერსპექტივები რეალობად იქცევა.“


„ჰამასის განადგურება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია და პალესტინის მთელი საზოგადოების დერადიკალიზაცია,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და მრავალი სხვა ქვეყანა მხარს უჭერენ ისრაელის განზრახვას ტერორისტული ჯგუფის განადგურების შესახებ. „ამ მიზნის მისაღწევად, მისი სამხედრო შესაძლებლობები უნდა მოიშალოს და ღაზაზე მისი პოლიტიკური მმართველობა უნდა დასრულდეს,“ - წერს ისრაელის პრემიერი.


ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარასდროს გამოიყენებოდეს ისრაელზე თავდასხმის ბაზად.

„სხვა საკითხებთან ერთად, ამას დასჭირდება დროებითი უსაფრთხოების ზონის შექმნა ღაზას პერიმეტრზე და ინსპექტირების მექანიზმი ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც აკმაყოფილებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს და ხელს უშლის იარაღის კონტრაბანდას ტერიტორიაზე,“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.