გერტ იან კომპმანი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ

ევროკომისიის გაფართოების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, გერტ იან კოპმანმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, საქართველოს უფრო მეტი წინსვლა სურს.

„ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ ამ ყოველწლიურ ღონისძიებაზე. ამ სიამოვნებას აორმაგებს ევროპული საბჭოს მიერ გასულ კვირას მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტით ძალიან გახარებული ვართ და ჩვენი რეკომენდაციაც სწორედ ეს იყო, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან შესანიშნავი თანამშრომლობიდან გამომდინარე.


თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა ევროპულ გზაზე. ვფიქრობ, როგორც ელჩები, თქვენ საკვანძო როლს ასრულებთ არამხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით დედაქალაქებში, სადაც მსახურობთ, არამედ, ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ საქართველოს სწრაფვის გაზიარებაში, რაც არამხოლოდ თქვენი ხელისუფლების, არამედ, ხალხის სურვილიცაა.

ამ მხრივ, ახალი წელი უფრო მეტ შესაძლებლობას მოიტანს. კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ცხადია, თქვენ უფრო მეტი წინსვლა გსურთ. იმედი მაქვს, მომავალ წელს, თქვენ გექნებათ კავშირი პარტნიორებთან როგორც ადგილზე, ჩვენს დედაქალაქებში, ისე მათ ფარგლებს გარეთ და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს სწორედ მათთან ერთად განიხილავთ.

მე ვფიქრობ, რომ თქვენი თავდადება, თქვენი სწრაფვა და საქართველოს ევროპული კუთვნილების მიმართ თქვენი მტკიცე რწმენა არის ის რეალური რესურსი და საშუალება, რაც ბიძგს მისცემს ქვეყნის შემდგომ წინსვლას,“ განაცხადა გერტ იან კოპმანმა.