საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი და რაც მთავარია, მზარდი - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრმა 2023 წლის საქმიანობის შეჯამებასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების გარდა, უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში უწყებამ უდიდეს პროგრესს მიაღწია, რაც გაზრდილ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება.


„საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი. 2021 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ ევროკავშირისგან დახმარება მიიღო. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. დახმარებას რასაც ახლა ვიღებთ, ათჯერ, ოცჯერ მეტია, რაც მთავარია მზარდია, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, ასევე, გერმანიისგან მიღებული დახმარება“.

მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც ქვეყანას სამი წელია, ინტენსიურ დახმარებას უწევს თავდაცვისუნარიანობის განვითარების პროცესში: „ერთი კვირის წინ გერმანელებმა გრანტი დაგვიმტკიცეს, რაც მიმართულია ლოგისტიკური, საინჟინრო და სამედიცინო საშუალებების გასაძლიერებლად.“

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო NATO-სთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებს და გააფართოებს.


„იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება მისი ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით,“ - განაცხადა მინისტრმა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია. „ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.