უკრაინამ NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან დისკუსია დაიწყო. უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2024 წლის ივლისში დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, კიევს სურს, მოისმინოს შეერთებული შტატების აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას.
„ჩვენ ყოველთვის გვაქვს მაქსიმალური მოლოდინები, მაგრამ მხოლოდ ახლა დავიწყეთ პარტნიორებთან განხილვა ვაშინგტონის სამიტის შედეგების შესახებ. ეს დისკუსია დაიწყო უკრაინის ინიციატივით. ჩვენი მიდგომა იყო, რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ განხილვას, შედეგები მით უკეთესი იქნება,“ - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.
დეტალების გამჟღავნების გარეშე, მინისტრმა აღნიშნა, რომ დისკუსია "ძალიან ადრეულ ეტაპზეა.“
„რა თქმა უნდა, რადგან ეს არის საიუბილეო სამიტი და ჩატარდება ვაშინგტონში, ჩვენ დაგვჭირდება მოვისმინოთ აშშ-ის აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ მოვლენას, რადგან მათ აზრს აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი გავლენა ექნება,“ - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვილნიუსის სამიტზე, ალიანსის წევრების მენტალიტეტში ცვლილება მოხდა, რაც გზას უხსნის უკრაინის რეალურ წევრობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევანელოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ზედმეტი ბიუროკრატიით, ზედმეტი დოკუმენტებითა და დამატებითი პროცედურებით,“ - განაცხადა კულებამ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 დეკემბერს დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ვაშინგტონის სამიტისთვის ეფექტიანი მომზადება 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.