უკრაინის პროკურატურა ზაპოროჟიეში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტს იძიებს

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ზაპოროჟიეს მახლობლად მტრის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. საქმის წარმოება დაიწყო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438 – ე მუხლის მე-2 ნაწილით: ომის კანონებისა და წესების დარღვევა, განზრახ მკვლელობის თანხლებით.


გამოძიების თანახმად, რუსმა სამხედროებმა 2023 წლის დეკემბერში, უკრაინის თავდაცვის ძალებთან სამხედრო შეტაკების დროს, ზაპორიჟიეს რაიონის დასახლებულ პუნქტ რობოტინოსთან, სამი უკრაინელი ჯარისკაცი შეიპყრეს, ხოლო ერთი საათის შემდეგ, ჟენევის კონვენციის დარღვევით, სამივე დახვრიტეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს არის აგრესორი ქვეყნის მიერ სამხედრო ტყვეების მოპყრობის შესახებ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევის კიდევ ერთი შემთხვევა.


უკრაინელი ჯარისკაცების დახვრეტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. გასული თვის განმავლობაში ქსელში არაერთხელ გამოჩნდა რუსი სამხედროების მიერ იმ უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის ვიდეოები, რომლებიც მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდნენ.

უკრაინის ჯარების მიერ ზაპოროჟიეში მდებარე დასახლებულ პუნქტ რობოტინოს დეოკუპაციის შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი. რობოტინის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინულმა ჯარებმა შეტევა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით გააგრძელეს.