გაგლოევის თქმით, რუსეთთან „სამხრეთ ოსეთის“ მიერთების შესაძლებლობა არ არის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთთან მიერთების საკითხზე. მისი თქმით, ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს, კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა, მან დაამატა, რომ „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება“, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის.

როგორც გაგლოევმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე განუცხადა, რომ „ოსები მოღალატეები არ არიან.“ მან კი დე ფაქტო პრეზიდენტის გადმოცემით, უპასუხა: „ვიცი“. გაგლოევმა განაგრძო: „ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩიც ჩვეულებრივი ადამიანია - რამდენადაც რთული, იმდენად უბრალო.“


გარდა ამისა, როგორც გაგლოევმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთში“ შეიქმნება დრონების ადგილობრივი წარმოება.

„ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე ამთავრებს დრონების მართვისა და აწყობის კურსებს. „სამხრეთ ოსეთში“ დაბრუნების შემდეგ, ისინი შეძლებენ უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობის სწავლებას“, - თქვა მან.

გაგლოევი ამბობს, რომ მოსკოვი და დე ფაქტო ცხინვალი ყველა აუცილებელ ზომას იღებენ, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე დრონების მოძრაობის გასაკონტროლებლად.