- უკრაინას რუსეთმა 158 რაკეტითა და უპილოტო თვითმფრინავით შეუტია. ამ ინფორმაციას BBC უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსეთმა უკრაინაზე „მასიური სამხედრო თავდასხმისას“ საჰაერო თავდასხმის 158 საშუალება გამოიყენა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთმა ჯერ ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავების განლაგების უფრო „ტრადიციული“ მეთოდი გამოიყენა. ამას მოჰყვა სულ მცირე 55 ფრთოსანი რაკეტის, 14 ბალისტიკური რაკეტის, ხუთი აერობალისტიკური რაკეტის და რამდენიმე სარადარო რაკეტის გამოყენება. ზალუჟნიის თქმით, უკრაინამ რუსეთიდან გაშვებული 36 დრონიდან - 27 ჩამოაგდო, ასევე, ჩამოგდებული 87 რაკეტა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს.
„სამშობიარო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საწყობები, ავტოსადგომები, კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიულმა ბომბდამშენებით გაშვებული Kh-101/X-505 რაკეტებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა გაუშვეს, მაგრამ სამიზნეების უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.
„სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და ხალხს საჭირო დახმარებას უწევს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს - და ზუსტად ასეც იქნება,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.