ყაზახეთი „თალიბანს“ ტერორისტულ დაჯგუფებათა სიიდან ამოიღებს

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს „თალიბანს“, რომელიც ამჟამად ავღანეთს მართავს.

როგორც სმადიაროვმა აღნიშნა, ასტანა კვლავაც გააგრძელებს გაეროს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების დაცვას ავღანეთის მიმართ.


ყაზახეთმა „თალიბანი“ ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად 2005 წლის მარტში გამოაცხადა. ყაზახეთმა რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია გაგზავნა ქაბულში მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ხელისუფლება დაიბრუნა.

სექტემბერში, დაახლოებით 300 ავღანელი ბიზნესმენი და „თალიბანის“ წარმომადგენელი ასევე დაესწრო ბიზნეს ფორუმს ასტანაში.