„პუტინს გამარჯვების უფლებას არ მივცემთ“ - ევროპელი ლიდერები რუსეთის მასიურ იერიშზე

რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის გვერდით იქნებიან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.“

  • „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ რუსეთის აგრესიის ომის პირველი დღიდან. თითქმის 85 მილიარდი ევრო (94 მილიარდი დოლარი) ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერით.“ „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს მას დასჭირდება. ახლა კი ჩვენ ვუხსნით ევროკავშირის კარს ჩვენს მეგობარსა და მეზობელს,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმები უკრაინაზე, აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაფერზე არ დაიხევს უკან, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - „თავისუფლებისა და დემოკრატიის მოსპობას.“

  • „ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა - იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება,“  აღნიშნა სუნაკმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი დადგება უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.“

  • „რუსეთმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს იყო სკოლების, მეტროსადგურების და საავადმყოფოების მისამართით მორიგი განურჩეველი დარტყმა.“

  • საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის "ტერორის სტრატეგია“ დაგმო.

    „რუსეთი ახორციელებს ტერორის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა შეარყიოს უკრაინის მოსახლეობის გამძლეობა კონფლიქტის მეორე ზამთრის განმავლობაში.” საფრანგეთი უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმა უკრაინაზე, "ხაზს უსვამს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობას."

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე მასიური იერიში მიიტანა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერორისტული სახელმწიფო იყენებდა ყველაფერს, რაც მას არსენალში ჰქონდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ მწუთს იცვლება. ბოლო მონაცემებით, რომელსაც CNN ავრცელებს, 26 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.