საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ქვეყნის გადარჩენა.
„ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ, სადაც ივანიშვილი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, პრემიერმა აღბნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აღნიშნული „უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგაც „ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი სწორედ მან შეასრულა.“
პრემიერმა აღნიშნა, „მინიმუმ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.“
„პირველ რიგში, მე მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო, დავიწყებ თავიდან, ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, დღეს მე მგონი არც ერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება, საერთოდ აღარ გვქონოდა. რა თქმა უნდა, ის წინა მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის.
შეიძლება, დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ, ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მე მინდა შეფასება კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, რომ იტყვიან, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა.
ახლა რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ მთელი დანარჩენი მსოფლიოსი და ბუნებრივია, ის რაც ხდება რეგიონში და დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი.
არავინ არ იცის ეს, რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის, მე ხაზს ვუსვამ და რაც მთავარია, პირველ რიგში ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ასეთ ურთულეს, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. იმიტომ, რომ მომდევნო 10 წელი, შეიძლება, ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში, მინიმუმ მომდევნო 10 წელი.
ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ იმას, თუ რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, “ქართულ ოცნებას”, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა საერთოდ ქვეყანაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მას ჰქონდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს.“
„როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.
მე მგონი, არცერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.