ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორიდან 5 ბრიგადა გაიყვანა იმ მოტივით, რომ ისრაელი ადგილზე ვითარებას უკვე აკონტროლებს, თუმცა თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, შეიძლება, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი "კიდევ მრავალი თვის განმავლობაში" გაგრძელდება და რომ ისრაელი ეგვიპტის საზღვრის ღაზის მხარეზე კონტროლს დაამყარებს.


„ომის მიზნები მოითხოვს ხანგრძლივ ბრძოლას და ჩვენ შესაბამისად ვემზადებით. ვგეგმავთ ბრძოლის ველზე მოქმედი ძალების გონივრულ მართვას, განვიხილავთ სარეზერვო სისტემას, ეკონომიკას, ძალების განახლებას და საბრძოლო მომზადების პროცესების გაგრძელებას თავდაცვის ძალებში.


თავდაცვის ძალებმა წინასწარ უნდა მოახდინოს დაგეგმარება, გვესმის რა, რომ დამატებითი ამოცანებისა და საომარი მოქმედებების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში დაგვჭირდება,“ - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.