შარლ მიშელი: უკრაინაზე თავდასხმები რუსეთის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებები აინტერესებს

უკრაინაზე თავდასხმები მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე წერს.


„ნებისმიერს, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული, უკრაინისკენ ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს.

თავდასხმები კიდევ უფრო ცინიკურია იმისდა გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსიურობა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სული ვერ გატყდება. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად დგას,” - წერს მიშელი.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი,  სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.