კიევზე 29 დეკემბრის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე 29 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება. დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაჭრილია 29.

რუსეთმა 29 დეკემბერს დაიწყო უპილოტო თვითმფრინავებითა და სარაკეტო მასიური თავდასხმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, რის შედეგადაც დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 160-ზე მეტი.


29 დეკემბერს რუსეთის არმიამ კიევზე, ლვოვზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მიიტანა მასირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის განცხადებით, ეს იყო ჰაერიდან ყველაზე მასირებული იერიში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა 158 რაკეტა და დრონი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 158-დან 114 სამიზნე გაანადგურეს.