ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის ხსოვნის დღეს მომხდარი აფეთქებებისას დაღუპულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა

"ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე აფეთქების დროს სულ მცირე 103 ადამიანი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები იყო ქალაქ კერმანში, სოლეიმანის საფლავთან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაიღუპა 73 და დაშავდა სულ მცირე 170 ადამიანი, მაგრამ განახლებული მონაცემები მიუთითებს, რომ დაიღუპა სულ მცირე 103 ადამიანი.


საინფორმაციო სააგენტო Nord New-ი წერს, რომ კერმანის მემორიალისკენ მიმავალ გზაზე სულ ცოტა ორი აფეთქება მოხდა.

ამ დღეს სასაფლაოზე გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის ცერემონია გაიმართა. მასში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს.

გავლენიანი ირანელი გენერალი 4 წლის წინ, 2020 წლის იანვარში, ამერიკული ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ბაღდადის მახლობლად.

აშშ-ის უპილოტო ავიაციამ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად გამოასალმა სიცოცხლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ელიტური "ყუდსის ძალების" სარდალი გენერალი ყასემ სოლეიმანი და ერაყის შიიტური სახალხო ლაშქრის ჰაშდ ალ-შააბის სარდლის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მოჰანდესი.