პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ 29 დეკემბერსა და 2 იანვარს უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვაზე დასავლელი პარტნიორების რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაცრი სანქციები მოსკოვისადმი და უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება.
„უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს,“ - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.
„2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.