რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას აქტიურად გეგმავს.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკელი ოფიციალური პირების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
„აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაძენად წინ მიიწევს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა
გამოცემის წყაროები აღიარებენ, რომ ირანმა შესაძლოა, რუსეთს გაზაფხულზე მიაწოდოს რაკეტები. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოსკოვს ირანული რაკეტების შეძენის სურვილი დეკემბრის შუა რიცხვებში გაუჩნდა, როდესაც რუსული დელეგაცია ირანის ბალისტიკური რაკეტების საცდელ ადგილს და ასევე, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესამოწმებლად ეწვია.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც პირობა დადეს, რომ დასავლეთის სანქციებს ერთობლივად დაუპირისპირდებიან. ნოემბრის ბოლოს ირანმა სუ-35 გამანადგურებლების, ასევე Mi-28 თავდასხმის ვერტმფრენების და რუსული წარმოების Yak-130 საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ შეთანხმება დასრულებულად გამოაცხადა.