ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კანონი ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, მათ შორის, მისი გადადგომის შემდეგაც და მოთხოვნებს ამკაცრებს აღნიშნულ პოზიციაზე სამომავლო კანდიდატებისთვის.
კერძოდ, დოკუმენტი სამუდამო იმუნიტეტს აძლევს ყოფილ პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს. ტექსტის თანახმად, სახელმწიფო ყოფილი მეთაური “არ შეიძლება, იყოს პასუხისმგებელი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი ქმედებებისთვის.” კანონი ასევე უფლებას აძლევს პრეზიდენტს, გადადგომის შემდეგ გახდეს სრულიად ბელორუსის ეროვნული კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის უვადო წევრი.
კანონის ტექსტი, ასევე, ახალ მოთხოვნებს აწესებს პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატებისთვის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ პირებს, რომლებიც დაბადებით ბელორუსის მოქალაქეები არიან, არანაკლებ 40 წლის, რესპუბლიკაში არანაკლებ 20 წელია ცხოვრობენ და არასდროს არ ჰქონიათ სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება.