გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ რუს ოლიგარქ უსმანოვის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა რუს ოლიგარქ უსმანოვის სარჩელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარზე“ 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ ჩხრეკას ეხებოდა.

გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად 2024 წლის 4 იანვარს გამოაქვეყნა. ტექსტში უსმანოვი მოხსენიებულია „უზბეკეთისა და რუსეთის მოქალაქედ“. გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი იმით ახსნა, რომ მისთვის მიმართვამდე მომჩივანს ყველა შესაძლო იურიდიული საშუალება არ გამოუყენებია და ამასთან, საკმარისად ვერც ის დაასაბუთა, რომ იახტა მართლაც მისი პირადი სივრცე იყო.


უსმანოვი აცხადებდა, რომ ჩხრეკამ ხელყო მისი ადამიანური ღირსება და დაარღვია საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება. ოლიგარქის ადვოკატებმა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის ზაფხულში მიმართეს.

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, „მეტალოინვესტის" მფლობელი, მილიარდერი ალიშერ უსმანოვი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. მიზეზი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრაა.