აშშ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხზე, გაეროს უშიშროების საბჭოს იწვევს

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი, სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების საკითხის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება.

„აშშ იტყობინება, რომ მას ახალი ინფორმაცია აქვს იარაღის შესახებ, რომელსაც რუსეთი მესამე ქვეყნებიდან იღებს უკრაინის განადგურებისა და მისი ხალხის დამორჩილების მიზნის მხარდასაჭერად. აშშ-ის ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ახლახან რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტა,“ - წერს კისლიცა.


შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის თავზე ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული სულ მცირე ერთი რაკეტა გაუშვეს. რაკეტები გამოიყენეს ასევე 2 იანვრის თავდასხმის დროს.

„აშშ თვლის, რომ რუსეთი გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებულ დამატებით რაკეტებს, რათა გაანადგუროს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები,“ - წერს კისლიცა.


თეთრმა სახლმა 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლების დასკვნით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ირანისგან ცდილობს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

თეთრი სახლის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბის თანახმად, დაზვერვის დოკუმენტებში, რომლებსაც ახლახან მოეხსნა გრიფი "საიდუმლო", ნათქვამია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის ძალებმა მათგან სულ მცირე ერთი რაკეტა ისროლეს უკრაინაში, 30 დეკემბერს - ამბობს კირბი და დასძენს, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, მაგრამ "აქტიურად მიიწევს წინ."