რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე უკრაინის მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გამთენიისას აფეთქებები იყო. ინფორმაცია ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღიკვეთა.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 5 იანვარს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის თავზე და 1 - კრასნოდარის მხარეში.


4 იანვარს, დღისით, აფეთქებები იყო სევასტოპოლსა და ევპატორიაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის მახლობლად გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მართვის პუნქტი.


ანექსირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა 4 იანვარსაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმის თავზე 10 რაკეტა მოიგერიეს. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.


ასევე რუსული მხარის განცხადებით, უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მაღალსართულიან კორპუსთან ჭურვის აფეთქების გამო რამდენიმე ბინის მინა ჩაიმსხვრა და 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.