ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა

ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში რუსეთის არმიაში მებრძოლი სულ მცირე 10 ნეპალელი დაიღუპა. მანამდე კატმანდუ მოსკოვს ნეპალელების რეკრუტირების შეწყვეტას და უკვე დაქირავებულთა სახლში დაბრუნებას სთხოვდა. ნეპალის კანონები მოქალაქეებს უკრძალავს სხვა ქვეყნების ჯარში მსახურობას, გარდა რამდენიმე მეგობარი ქვეყნისა, განსაკუთრებით ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთისა.


ნეპალის ხელისუფლების განცხადებით, ამ ქვეყნიდან ახლა უკრაინაში სულ მცირე 200 დაქირავებული იბრძვის რუსეთის მხარეს. არ არის დაკონკრეტებული, ისინი ჯარში კონტრაქტით მსახურობენ თუ კერძო სამხედრო კომპანიის მიერ არიან დაქირავებული. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნარაიან პრაკაშ საუდმა განაცხადა, რომ 100 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია.


ნეპალი თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ მუშაობისთვის ნებართვას გასცემს მათ მშვიდობიან პროფესიებში დასასაქმებლად. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა უკრაინაში ნეპალის ექვსი მოქალაქის დაღუპვის შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მოგვიანებით მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა.


ასევე ერთი ნეპალელი, სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს და კატმანდუ ახლა მის გათავისუფლებას ცდილობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, არცერთ მხარეს არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში.