გერმანია და ლუქსემბურგი მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ ბეტელმა 5 იანვარს ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, ახალ წელს დავივიწყოთ, რომ რუსეთის ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ ყოველდღე გრძელდება,“ - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.
მის მოსაზრებას იზიარებს ბერბოკის ლუქსემბურგელი კოლეგაც.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინას თუ არ დავეხმარებით, სხვა ქვეყნები მიჰყვებიან უკრაინას,“ - განაცხადა ბეტელმა.
მისი თქმით, პუტინი ბედნიერი იყო ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო, რადგან იმედოვნებდა, რომ დასავლეთი უკრაინისგან ყურადღებას გადაიტანდა.
„უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს ღირებულებების დაცვას და ევროპული პროექტის გაგრძელებას,” - აღნშნა ბატელმა.
ის ამ რანგში პირველი ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბატელი 2013-2023 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.