აშშ „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ფულად ჯილდოს აწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ფულად ჯილდოს აწესებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს ინფორმაციისთვის, რომელიც „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ფინანსური მექანიზმების განადგურებას“ გამოიწვევს.


სახელმწიფო დეპარტამენტი დაინტერესებულია ხუთი პირის შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც ის „ჰამასის“ ფინანსურ ფასილიტატორებს უწოდებს. მათ შორის არის სუდანში მცხოვრები „ჰამასის“ ფინანსისტი აბდელბაზიტ ჰამზა, რომელიც ჩართული იყო დაჯგუფებისთვის თითქმის 20 მილიონი დოლარის გადარიცხვის ოპერაციაში. უწყების ინფორმაციით, ჰამზას ასევე ხანგრძლივი ფინანსური კავშირები აქვს „ალ-ქაიდასთან.“


სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩამოთვლილი კიდევ სამი პირი – ამერ ქამალ შარიფ ალშავა, აჰმედ სადუ ჯალები და ვალიდ მუჰამედ მუსტაფა ჯადალა არიან. უწყების მონაცემებით, სამივე მათგანი თურქეთში ცხოვრობს.

მეხუთე პირი, რომლის შესახებაც აშშ ინფორმაციას ითხოვს, არის მუჰამედ აჰმად აბდ ალ-დაიმ ნასრალა, რომელსაც, აშშ-ის მთავრობის ცნობით, კავშირი აქვს ირანულ კომპანიებთან და ის „ჰამასისთვის“ ათობით მილიონი დოლარის გადარიცხვაში მონაწილეობდა.