ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, მან “ჰამასის“ „სამეთაურო სტრუქტურის“ დემონტაჟი დაასრულა. არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა , რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა მოქმედებენ ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადული წესით, "მეთაურების გარეშე."
მისი თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, დაახლოებით 8000 მებრძოლი მოკლა. BBC წერს, რომ ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.
„ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ახლა ორიენტირებულია „ჰამასის“ დემონტაჟზე სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში,“ აცხადებს დანიელ ჰაგარი.
ისრაელის შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დაახლოებით 240 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
იმავდროულად, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ( მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე, კანადის მიერ) შაბათს ათობით რაკეტა გაისროლა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, რასაც წინასწარი პასუხი უწოდა ბეირუთში, ამ კვირის დასაწყისში, “ჰამასის“ “მაღალჩინოსნის“ მკვლელობაზე. ისრაელმა საპასუხო იერიშები განახორციელა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შაბათს განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს და თავიდან აიცილონ "ძალადობის უწყვეტი ციკლი." ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიან ტურნეს მართავს. პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელო ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავიდა. ორივე ლიდერის მიზანი ვითარების ესკალაციის შემცირებაა.